Monday, November 18, 2013

საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი

საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი იყო სოციალისტურ-
ცენტრალიზებულად მართული მრავალეროვანი სახელმწიფო აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიაში, ჩრდილო და შუა აზიაში.
საბჭოთა კავშირი 1922 წლის 30 დეკემბერს დაარსდა და 1991 წლის 30 დეკემბერს უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილებით დაიშალა.

გეოგრაფია

საბჭოთა კავშირის ტერიტორიული ზრდა მისი დაარსებიდან დაიწყო და მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში გრძელდებოდა.
22,4 მილიონი კვადრატული კილომეტრი სიდიდის სსრკ-ის ტერიტორია დედამიწის ხმელეთის თითქმის მეექვსედს იჭერდა და 11 სასაათო სარტყელს მოიცავდა.



მოსახლეობა

1988 წლის მონაცემებით საბჭოთა კავშირის 15 მოკავშირე რესპუბლიკაში მოსახლეობის რიცხვი 286,717 მილიონს შეადგენდა. რუსეთის საბჭოთა ფედერაციული რესპუბლიკა როგორც ტერიტორიულად, ასევე მოსახლეობის რიცხვის მხრივ, მთელ კავშირზე პოლიტიკური და ეკონომიური თვალსაზრისით დომინირებდა. 


რელიგიის საკითხი საბჭოთა კავშირში საბჭოთა კავშირი ფორმალურად იყო მოკავშირე რესპუბლიკების ფედერალური კავშირი, ხოლო ფაქტობრივად – ცენტრალიზებულად (მოსკოვიდან) მართული და რუსეთის საბჭოთა ფედერაციული რესპუბლიკის მიერ დომინირებული სახელმწიფო. ასევე ფორმალურად ხელისუფლება შედგებოდა ”დემოკრატიულად” არჩეული საბჭოებისა დაპარლამენტისგან, რეალური ძალაუფლება კი საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობას ჰქონდა, რომელიც განსაკუთრებით სტალინის მმართველობისას - ტოტალიტალურად, ხოლო მის შემდეგ - დიქტატორულად მართავდა ქვეყანას. 


სსრკ-ის დაშლამდე გორბაჩოვის მიერ დაწყებულ ე.წ. ”გარდაქმნის” პერიოდში სახელმწიფოში რეალური დემოკრატიის შემოღების მცდელობა განხორციელდა, რამაც მხოლოდ მის დაშლას შეუწყო ხელი.
მთელი რიგი მექანიზმებისა მუშაობდნენ იმაზე, რომ ხელისუფლების ყველა ორგანოს კომპარტიის გადაწყვეტილებები მიეღო და განეხორციელებინა ისინი.


მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა მოქალაქეებს არჩევნებში გარკვეული კანდიდატისთვის ხმის მიცემის თავისუფლება ჰქონდათ, ეს კანდიდატი საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წევრი უნდა ყოფილიყო, და ამასთანავე არჩევნებში მონაწილე კანდიდატები თავად პარტიის მიერვე იყვნენ წამოყენებულნი, რომლებიც მისი ხელმძღვანელობის მიმართ ლოიალურად განწობილნი უნდა ყოფილიყვნენ.


სახელმწიფო დეპარტამენტებში მომუშავე პირები კომუნისტური პარტიის უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ, რაც გამორიცხავდა მათი მხრიდან საერთო ოფიციალური პოლიტიკური ხაზიდან გადახვევის შესაძლებლობას.


აღმასრულებელი ორგანოს – მინისტრთა საბჭოს – უმთავრესი ამოცანა იყო ეკონომიკის მართვა.
მინისტრთა საბჭო შედგებოდა კომუნისტური პარტიის მიმართ ლოიალურად განწყობილი პოლიტიკოსებისგან. საბჭოს თავმჯდომარე საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური ინსტანციის – პოლიტბიუროს – წევრიც იყო.
ხშირად ამ თავჯდომარედ თავად კომპარტიის გენერალური მდივანივე ხდებოდა. თავმჯდომარეს დანარჩენ მინისტრთა მიმართებაში დომინანტური პოზიცია ეკავა.
1988 წლის კონსტიტუციის მიხედვით ქვეყნის უზენაეს ხელისუფლებას სახალხო დეპუტატთა საბჭო წარმოადგენდა. ამ საბჭოს უმთავრესი ამოცანა იყო სახელისუფლებო კრების ანუ უზენაესი საბჭოს და მისი თავმჯდომარის არჩევა, რომელიც ამასთანავე სახელმწიფოს მეთაური ხდებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დეპუტატთა საბჭოს თეორიულად კანონების შემოღების უფლება ჰქონდა, იგი იშვიათად იკრიბებოდა, და ისიც იმისთვის, რომ კომპარტიის, მინისტრთა საბჭოსა და უზენაესი საბჭოს კანონმდებლობისთვის მხარი დაეჭირა.


უზენაეს საბჭოს სსრკ-ის ძალაში მყოფ კანონთა ინტერპრეტაციისა და მინისტრთა საბჭოსთან ერთად დეკრეტების მიღების უფლება ჰქონდა, თუ კანონებში რამე გაურკვევლობები წარმოიქმნებოდა.
სამართლებრივი სისტემა დასავლეთის ქვეყნებისგან ძლიერ განსხვავდებოდა: თუ დასავლეთის სისტემაში ბრალდებულს მოსამართლის წინაშე ადვოკატი იცავს, ხოლო პროკურორი ბრალდებას უყენებს, - საბჭოთა სასამართლოში მოსამართლე როგორც ადვოკატთან, ასევე ბრალმდებელთან ერთად მუშაობდა. საბჭოთა გაგებით ასეთი სისტემა ჭეშმარიტების ძიებას ემსახურებოდა, სინამდვილეში კი - კორუპციას უხსნიდა ხელს.


მეთვალყურეობა საბჭოთა კავშირი მისი დაარსების პირველი დღიდანვე და მის დაშლამდე იყო ე.წ. პოლიციური სახელმწიფო, რომელშიც თვალყურს ადევნებდნენ მოქალაქეთა ყოველდღიური ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტს. სიტყვის, მოგზაურობის, განათლების, ეკონომიკის და სხვა თავისუფლებები მხოლოდ ქაღალდზე არსებობდა.


ყოველი მნიშვნელოვანი ქმედება ”ზემოდან” უნდა დაშვებულიყო. მოქალაქეთა საზოგადოებრივ და პირად ცხოვრებას საკმაოდ ინტენსიურად თვალყურს ადევნებდა და აკონტროლებდა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი (”სუკი”). დისიდენტებს სახელმწიფო რეპრესიები და მძიმე სასჯელები ელოდა, რომელთაგან უსაშინლესი იყო დახვრეტა ან ”გულაგის” ტყვეობაში მოხვედრა.
თვითოეულ მოქალაქეზე ასეთი ტოტალიტარული კონტროლი და სახელმწიფოებრივი ძალადობა განსაკუთრებით სტალინისა და ბრეჟნევის მმართველობის პერიოდებში სუფევდა, ხრუშჩოვის დროს ოდნავ შესუსტდა, ხოლო გორბაჩოვმა ქვეყანაში გარკვეულ წილად შეზღუდული, მაგრამ მაინც საგრძნობი კულტურული და პირადული თავისუფლებები დაუშვა.
ეკონომიკა

საბჭოთა კავშირის დაარსების პირველივე წლებში ქვეყანაში ჩამოყალიბდა ცენტრალიზებულად მართული ე.წ. გეგმიური ეკონომიკა. საქონლის წარმოება ექვემდებარებოდა მკაცრ ხუთწლედიან დაგეგვმას.
1945 წლის 25 იანვარს დაარსდა აღმოსავლეთ ბლოკის სატელიტურ (ე.ი. სსრკ-ის ”თანამგზავრ”) სახელმწიფოთა ”ეკონომიკური ურთიერთდახმარების საბჭო” . ეს იყო თითქმის ყველა სოციალისტური სახელმწიფოს ეკონომიკური გაერთიანება, რომელიც უზრუნველყოფდა ამ ქვეყნების საერთო გეგმიური ეკონომიკას.

გიორგი პატარქალაშვილი

No comments:

Post a Comment